მეცნიერება

მეცნიერება

მეცნიერება — ადამიანის საქმიანობის სფერო, რომლის მიზანია გარემომცველი სამყაროს შესახებ ობიექტური ცოდნის მიღება, დამუშავება და სისტემატიზაცია. მეცნიერული ცოდნის დაგროვება ხდება ბუნების, საზოგადოების ან სხვა ობიექტის სამეცნიერო მეთოდის საშუალებით შესწავლის შედეგად. ამავე დროს მეცნიერება საზოგადოებრივი ცნობიერების ერთ–ერთი ფორმას წარმოადგენს (სამყაროს მეცნიერული სურათი).

მეცნიერებათა კლასიფიკაციას მიეძღვნა უამრავი გამოკვლევა და ნაშრომი, მაგრამ ამ თემაზე რაიმე საერთო თვალთახედვა არ არსებობს. კლასიფიკაციის კრიტერიუმის შესაბამისად, შესაძლებელია ესა თუ ის მეცნიერება განხილულ იქნეს როგორც ცოდნის განცალკევებული სფერო ან როგორც სხვა მეცნიერების დარგი, შტო. უკანასკნელ ათწლეულებში მრავალი ახალი დარგი ჩამოყალიბდა მეცნიერებათა მიჯნაზე, როგორებიცაა მაგალითად: მათემატიკური ლინგვისტიკა, სოფლის მეურნეობის გეოგრაფია, ბიოქიმია, გეოფიზიკა და ა.შ., რომელთა ადგილის განსაზღვრა მეცნიერებათა სისტემაში არ არის ერთმნიშვნელოვანი პრობლემა.

ყველაზე ხშირად მეცნიერებათა სისტემას შემდეგ ჯგუფებად ჰყოფენ:

  1. ფორმალური მეცნიერებები
  2. საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
  3. საზოგადოებრივი მეცნიერებები
  4. კულტურული მეცნიერებები
  5. გამოყენებითი მეცნიერებები
  6. მეცნიერებათაშორისი დისციპლინები

https://ka.m.wikipedia.org/wiki/%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90